უკრაინაში დაჭრილი თერთმეტივე ქართველი მებრძოლის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებენ, _ ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონის” მეთაურის, მამუკა მამულაშვილი ავრცელებს.
“სტაბილური მდგომარეობაა. ძირითადი ნაწილი გადმოყვანილია უკვე კიევის საავადმყოფოში, სამხედრო ჰოსპიტალში. დანარჩენები, ცოტა მძიმედ ვინც იყვნენ და ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა, როდესაც ტრანსპორტირებას დაუშვებენ ექიმები, მაშინ უკვე გადავიყვანთ ცენტრალურ ჰოსპიტალში. ჩაუტარდათ ოპერაციები, წარმატებულად. ამოღებულია, ძირითადად, აფეთქების შედეგად მიღებული ნამსხვრევები,” – ამბობს მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლეგიონის ერთ-ერთი ჯგუფი სამი დღის წინ დონეცკის მიმართულებაზე სპეცოპერაციას ასრულებდა, როცა საარტილერიო შეტევის ქვეშ მოყვა. დაიღუპა ორი პროფესიონალი სამხედროც, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი, რომელთა ცხედრების გადმოსვენება მძიმე შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.