მომღერალი ნუგზარ კვაშალი ერთ “საინტერესო“ შემთხვევას არაერთხელ იგონებს:
„ერთ-ერთი ფილმის გადაღებები და გახმოვანება რომ დასრულდა, მსახიობებმა ქეიფი გადაწყვიტეს. ფული შეკრიბეს, ეროსი მანჯგალაძეს მისცეს და ჩაუსხდნენ.
იმ სუფრაზე მეც ვიყავი. ბაბუაჩემმა მომცა 300 მანეთი და ის ფული მედო ჯიბეში. ახალგაზრდა ვარ, ამ ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად ქეიფი ნამდვილი აკადემია იყო ჩემთვის,
ვიფიქრე, პატივს ვცემ-მეთქი, ჩუმად ავდექი, გავედი და მე გადავიხადე ამ ქეიფის საფასური. უკან მოვედი, დავჯექი და ქეიფი გავაგრძელე. გავიხედე, ბატონი ეროსი ადგა და წავიდა ფულის გადასახდელად. უთხრეს, გადახდილია თქვენი, ბატონო, თქვენი სუფრის ერთ-ერთმა წევრმა გადაიხადაო.
გავიხედეთ, მოდის ეროსი წარბებშეყრილი. მოუახლოვდა სუფრას, დადგა და ხმამაღლა იკითხა: ვინ ჭამა ახლა დედიმისისა დიდი კოვზებითო? შემრცხვა, მაგრამ, რაღას ვიზამდი, ვუპასუხე – მე-მეთქი. თავი გადააქნია და მითხრა: ჰოდა, ახალა ამ აგროვებულ ფულს მივცემ მუსიკოსებს და მანამ ვაკვრევინებ, სანამდეც ეყოფათ, მე კიდევ, რომანსებს ვიმღერებ – აბა, მონელება ხომ უნდა დიდი კოვზებით ნაჭამსო.
მივიდა, გადაუხადა ორკესტრს ფული და ოთხი რომანსი შუქჩამქრალ და სანთლებანთებულ დარბაზში იმღერა. აი, ასე გადაიხადა ჩემი საფასური და ეს დღე არასდროს დამავიწყდება“.