საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, იმ სასტუმროში, სადაც ე.წ. “ევრაზიის კავშირის” ეგიდის ქვეშ ორგანიზებული ღონისძიება ტარდება, შეცდომით აღმოჩნდა და იქ ღონისძიებაზე დასასწრებად არ მისულა:
“დღეს დილით, შემთხვევით აღმოვჩნდი უამრავი ტელეკამერის ყურადღების ცენტრში. შეხვედრაზე შეცდომით მივედი სასტუმრო ძველ თბილისში, ნაცვლად სასტუმრო ძველი მეტეხისა. ღმერთი, რჯული, არ მინდოდა იქ აღმოვჩენილიყავი, სადაც აღმოვჩნდი, თორემ იქ მისვლის სურვილი რომ მქონოდა ისიც მეცოდინებოდა, რომ ტელეკამერები ბლომად იქნებოდნენ ასეთ თავყრილობაზე.
მოკლედ … ამიტომ ხმამაღლა ვამბობ – ე.წ. “ევრაზიის კავშირის” ეგიდის ქვეშ ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებას საქართველოს ტერიტორიაზე ვაპროტესტებ მთელი შეგნებით და ვფიქრობ, რომ ასეთი პროტესტი ხმამაღლა უნდა გამოხატოს ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი“, _ წერს კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.