ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში ხელშეკრულებები თავიდან უფორმდებათ.
რომელი სოფლების გამგებლებს შეუწყდათ ხელშეკრულებები და რატომ, ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს ხელშეკრულების ვადა ჰქონდათ მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანს გაუგრძელდება ხელშეკრულების ვადა, გარდა დაბა ლაითურის, ლიხაურის, დვაბზუსა და მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებისა, რადგან მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დგას ახალი გამოწვევების წინაშე და მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოაცხადოს გამარტივებული კონკურსი ვაკანტური ადგილების შესავსებად.
როგორც “გურია ნიუსს“ უკვე გათავისუფლებულმა რწმუნებულმა უთხრა, მათი გათავისუფლების მიზეზად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დამოუკიდებელი კანდიდატის კოტე შარაშენიძის მიმართ მხარდაჭერა სახელდება.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სოფელ მერიაში გამგებლის წარმომადგენლის ადგილს, მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მესხიძე, სოფელ ლიხაურში ვანო ვაშაყმაძე დაიკავებენ. ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, ვინ დაინიშნება დაბა ლაითურში და ასევე, სოფელ დვაბზუში.