წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ოზურგეთში უკვე დაწყებულია. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა ხდება პარტიების ოფისებში, დაიწყო თუ არა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია, ვინ არიან თავმჯდომარეები, დაინიშნენ თუ არა აღმასრულებელი მდივნები და ყველაზე მთავარი, ჰყავთ თუ შერჩეული მერობის კანდიდატები?
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მერობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ეს თემა პარტიაში ჯერ განხილვის საგანიც კი არ გამხდარა:
დავით მჟავანაძე: “ოფიციალურად, პარტიის სახელით გიცხადებთ, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია კანდიდატებზე საუბარი. არც ჩვენი მხრიდან არ ყოფილა შეთავაზება არავის მიმართ, არავისთან კონსულტაციაც კი არ გაგვივლია ამ თემაზე. თუმცა, როგორც პარტიის შიგნით, ასევე, მის გარეთ მოიაზრება რამდენიმე კანდიდატურა, რომელიც იბრძოლებს მერობისთვის“.
რაც შეეხება იმას, რომ რამდენიმე კანდიდატს შორის მოიაზრება თუ არა მჟავანაძე, პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კანდიდატურა მერობის პოსტზე მოიაზრება.
“არ გამოვრიცხავ ჩემს კანდიდატურას“,_ ამბობს მჟავანაძე.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “ნაციონალების“ მერობის კანდიდატად, მჟავანაძის მსგავსად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ოთარ რევიშვილიც მოიაზრება, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას რევიშვილი “გურია ნიუსთან“ არ ადასტურებს.
რაც შეეხება პარტიაში აღმასრულებელი მდივნის დანიშვნას, მჟავანაძის თქმით, ამჟამად ეს პოსტი ვაკანტურია.
ოზურგეთში აქტიურად დაიწყო მუშაობა „ევროპულმა საქართველომ“. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, უახლოესს დღეებში ადგილობრივი ორგანიზაცია კონფერენციას ჩაატარებს, სადაც შერჩეულნი იქნებიან თავმჯდომარე და პარტიის სხვა თანამდებობის პირები:
“ამის შემდეგ დავიწყებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. ამ ეტაპზე დავიქირავეთ საოფისე ფართი და დაკავებული ვართ საორგანიზაციო საკითხებით. სოფლებისა და ქალაქის მიხედვით ვაყალიბებთ პირველად ორგანიზაციებს, რის მიხედვითაც შევარჩევთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს და მათთან ერთად ვიბრძოლებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის“, _ ამბობს გოგოტიშვილი.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, გოგოტიშვილი ამბობს, რომ პარტიაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას ლევან ჩხაიძე დაიკავებს.
„ერთადერთი, რაც შეიძლება გითხრათ, არის ის, რომ ყოფილი „ტაო-პრივატ ბანკის“ ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძე იქნება პარტიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე“.
რაც შეეხება “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ოზურგეთის ოფისს, პარტიის თავმჯდომარე ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თამარ ნადირიძეა, აღმასრულებელი მდივანი კი _ ადვოკატი მანუჩარ გოგრაჭაძე.
თამარ ნადირიძის თქმით, მერობის კანდიდატის პოსტზე ჯერ პარტიაში არავინ განიხილება.