საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 2 839 895 ლარის შემოწირულება მიიღო.
კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის, პირველ ექვს თვეში, ყველაზე მეტი შემოწირულება, 1 403 706 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა. თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელმაც პარტიისთვის 12 ათასი ლარი გაიღო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ბადრი ნანეტაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნებისთვის“ 50 426 ლარი აქვს შეწირული.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2024 წლის 6 თვეში 910 490 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 60-60 ათასი ლარი შესწირეს.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიამ იმავე პერიოდში 464 402 ლარის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას ჯამში, რამდენიმე ტრანზაქციის შედეგად, 58 300 ლარი გადაურიცხა.
რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მას მიმდინარე წლის, 6 თვეში 50 997 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური.
საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ კი ამავე პერიოდში 10 300 ლარის შემოწირულება მიიღო.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის პირველ 6 თვეში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.
წყარო: ინტერპრესნიუსი