აღმოჩნდა რომ ლანჩხუთში წინასაახალწლო დღეებში საჯარო მოხელეებზე დარიგებული სახელფასო დანამატის გარეშე დარჩა მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახური.
ჯამში 60 370 ლარის ოდენობის თანხა ლანჩხუთელ საჯარო მოხელეებზე გასული წლის მიწურულს დარიგდა. როგორც ამასთან დაკავშირებით მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხია განმარტავდა, აღნიშნული თანხა სადღესასწაულო დღეების გათვალისწინებით დარიგდა, ვინაიდან სახელფასო ბიუჯეტი 13 თვეზე იყო გათვლილი, რომლის ნახევარიც აპრილში გაიცა თანამშრომლებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება მთავრობისგან დამატებით გამოყოფილი 140 ათასი ლარით შეძლო, სახელფასო დანამატი, საკრებულოს თვენახევრის წინ შეკრებილ შემადგენლობასაც ერგო, რომელიც, ფაქტობრივად, ხეირიანად დაკომპლექტებულიც კი არ იყო.
როლანდ ლაშხია ამბობს, რომ ზემონახსენებ სამსახურში სადღესასწაულოდ სახელფასო დანამატი მხოლოდ იმიტომ ვერ დარიგდა, რომ სამსახურს სახელფასო ფონდი სრულად ჰქონდა ამოწურული.
„ამ სამსახურს სახელფასო ფონდი 100% ქონდა წლის ბოლოსთვის ათვისებული და ამიტომაც ვერ მოხერხდა აქ დასაქმებულ პირთათვის დამატებით თანხის გაცემა. სავარაუდოდ მიმდინარე წელს გაიცემა აქ დასაქმებულ პირებზე მატებითი ანაძრაურბა, ეს უკვე ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია“, -ამბობს ლაშხია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მერიის სამხედრო სამსახური სხვა საჯარო მოხელეებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში რჩებიან. წინა მოწვევის საკრებულოში დეპუტატმა რომან ბიწაძემ საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა ამ სამსახურში შექმნილი მძიმე სამუშაო პირობები.
„რამდენჯერ დაისვა საკითხი, რომ სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურისთვის კონდიციონერია შესაძენი. დუღს იქაურობა, მარა ვინმე მივიდა და ნახა, რა მდგომარეობაა?! რატომ უნდა იყოს გერის როლში ეს სამსახური?!“-ამბობდა ბიწაძე, როცა ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2016 წელს ნიგოითის ადმინისტრაციული სახლისთვის კონდიციონერის შესაძენად 1150 ლარი გაიღო.