მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ბრალდების მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ გამოძიებისთვის მიცემულ ახალ ჩვენებაში, დეკანოზის თანამზრახველებად მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი დაასახელა:
”მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ხელმეორედ დაკითხეს და მეორე ჩვენებაში ამბობს, ვფიქრობ, მამა გიორგი მრავლობითში იმიტომ ლაპარაკობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და კონკრეტულ პირებს გულისხმობსო. რადგან მასთან დაახლოებული პირები არიან სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, შეიძლება, მამა გიორგი მამალაძესთან ერთად მოქმედებდნენო. ვარაუდობს, რომ ამის უკან მეუფე დიმიტრი დგას. ეს ორი ადამიანი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდნენ ირაკლი მამალაძის ჩვენებაში. პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა, რადგან ძველმა არ გაამართლა. ძველი ვერსიით, მამა გიორგი შორენას მოსაწამლად მიდიოდა, ახლა კი უნდათ ააგორონ, თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამ ამბის უკან მეუფე დიმიტრი იდგა. ირაკლი მამალაძის გარდა, არავინ ასახელებს ოხანაშვილს,” _ განაცხადა გიორგი ფანცულაიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ფანცულაიას განცხადებაზე და ახალ ჩვენებაზე ირაკლი მამალაძე „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. საქმის მთავარი მოწმე ამბობს, რომ ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, „რაღაცეები აღიდგინა“:
„მამა გიორგიც ამბობს ჩანაწერში, სოსო და დიმიტრიც იყვნენ დელეგაციაშიო. ამაზეა ლაპარაკი. ანუ ეს ვიდეო-მტკიცებულებები, რაც იყო, ფურცელზე ხომ უნდა გადასულიყო? შესაბამისად, როცა გამოქვეყნდა ეს მასალები, მეც აღვიდგინე რაღაცეები. მანამდე ამ მასალებთან არანაირი წვდომა არ მქონდა. როგორც ნახა საზოგადოებამ, ისე ვნახე მეც. კი, შევხვდი და ველაპარაკე, მაგრამ შეხვედრიდან ყველაფერს ხომ ვერ გაიხსენებ?!
ვერ ვხვდები, რაში აწყობთ მაგათ ეს ჩემი ჩვენება, მაგათზე კარგს არაფერს ვამბობ და ჩემი ჩვენების გამოქვეყნება რაში უნდა აწყობდეთ, ცოტა გასაკვირია,“ _ აღნიშნავს ირაკლი მამალაძე ჩვენთან საუბრისას.
_ ირაკლი, ადვოკატის თქმით, ახალი ჩვენებით პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა.
_ მთავარმა პროკურორმა გააბათილა მაგათი მორიგი სისულელე _ შოთაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც „ციანიდის საქმესთან“ ოხანაშვილს და მეუფე დიმიტრის დააკავშირებს. ეგენი რაღაცას ვარაუდობენ, მართლა მასე ხომ არ არის?! ძალიან არასერიოზულად უდგებიან საკითხს. მამალაძის გარემოცვიდან საზოგადოების მასხრად აგდებას აქვს ადგილი. ჯერ თქვეს იარაღზე, რომ მე მივუტანე, მერე თქვეს, რომ მამა გიორგი ისეთ ჩვენებას მოგვცემს, ხალხი გაოცდება და შოკში ჩავარდებაო. მაგრამ ვნახეთ, ამ ჩვენებაში ნათქვამია, რომ შორენა იკლავდა თავს და, თურმე, მამა გიორგი ამისთვის დაეძებდა ციანიდს ჩემთან ერთად, რომ ჩვენ ერთად გაგვესტუმრებინა იმქვეყნად. ასეთი არასერიოზული ჩვენებების ფონზე მესამე ვერსიის არსებობა ძალიან სასაცილოა.
ჩემ ირგვლივ ვინც არის, ყველას _ უცნობს თუ ნაცნობს, ამ საქმის გამო, თვენახევარია არ დაუძინიათ, ნერვიულობენ, დარდობენ, რომ ემუქრებიან ეკლესიას, პატრიარქს და ასე შემდეგ. ესენი კი ისე გათავხედდნენ, ადვოკატების ჩათვლით, რომ ამაზე საუბრობენ სარკასტულად, ძალიან ხელაღებით, თითქოს, მამა გიორგი ხუმრობდა. როგორ შეიძლება სხვადასხვა დროს ოთხჯერ შეხვდე ადამიანს და ოთხივეჯერ ერთსა და იმავე თემაზე იხუმროს?! უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ საქმის მიმართ. თუ მამა გიორგის ხუმრობის გამო სოსო ოხანაშვილი გამოაგდეს საპატრიარქოდან, სინოდი შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების მხარდაჭრასთან დაკავშირებით… როგორც ჩანს, ამ ადამიანს სახუმაროდ ჰქონია საქმე, არ ნერვიულობს და შესაბამისად, საზოგადოებამაც არ უნდა ინერვიულოს.
_ გვითხარი, რომ კადრები ჩვენების შემდეგ „რაღაცეები აღიდგინე“… რა აღიდგინე მეუფე დიმიტრისთან დაკავშირებით?
_ მეუფე დიმიტრისთან დაკავშირებით რა უნდა აღმედგინა? მას არასოდეს შევხვედრილვარ. ვიცოდი, რომ არის მეუფე და პატრიარქის ძმისშვილი. მას სხვა საკვანძო თანამდებობა არ ეკავა, რომ გამოჩენილიყო ამ ჯგუფთან. ისინი აქცენტს აკეთებდნენ ისეთ პირებზე, რომლებსაც გარკვეული სადავეები ეჭირათ საპატრიარქოში. ამ საქმეში რომ მეუფე დიმიტრია ჩართული, ხელაღებით ამის თქმა შეუძლებელია _ ეს ან გამოძიებით უნდა დადასტურდეს, ან დაკავებულმა უნდა მისცეს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, ვინ მოქმედებდა. მაგრამ ის, რომ 31 წლის ასაკში მამა გიორგის ეკავა სამი მაღალი თანამდებობა _ იყო სასულიერო სემინარიის რექტორი, კლინიკის დირექტორი, ქონებას მართავდა, ფლობდა ორ ჯვარს და ასე შემდეგ, ადასტურებს, რომ იერარქიული წყაროებით უკავშირდებოდა მეუფე დიმიტრის და ასე ვთქვათ, მისი ხელდასმულია. მეუფეს და ოხანაშვილს დაცვა არ სჭირდებათ, თუ დაცვა დასჭირდათ ფანცულაიაზე უკეთეს ადვოკატსაც იპოვნიან. ვერ ვხვდები, ჩემი ჩვენება რაში დასჭირდათ _ ეს უმსუბუქებს ან პირიქით, ამძიმებს მამა გიორგის საქმეს თუ რა, ვერ გამიგია.
_ ფანცულაია გარკვევით ამბობს, რომ თქვენს მიერ მიცემული პირველი ჩვენება მყარი არ იყო და ახლა სხვა მიმართულებით ცდილობთ გამოძიების წაყვანას…
_ მყარი თუ არ არის, მაშინ შეუძლიათ გაასაჩივრონ აღკვეთი ღონისძიება, გამოუშვან დღესვე მამა გიორგი. მაგრამ ამ ადამიანებს საზოგადოებასთან სათქმელი არაფერი აქვთ ჩემი ჩვენების გარდაც _ არც ალტერნატიულ გამოძიებას აწარმოებენ. ერთადერთი მათი არგუმენტი მამა გიორგის ხუმრობაა იმ შემზარავ ჩანაწერებზე.
_ ფიქრობ, რომ მეუფე დიმიტრი მამა გიორგის გეგმის შესახებ ინფორმაციას ფლობდა?
_ ვერაფერს გეტყვით _ ვერც უარვყოფ, არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი. მე ის ვიცი მხოლოდ, რომ ოხანაშვილი მთლიანად ჩართული იყო ამ საქმეებში და მამა გიორგისთან ერთად მოქმედებდა.
_ თქვი, რომ საპატრიარქოში არსებულ დარღვევებზე ინფორმაციას ოხანაშვილი და მამა გიორგი გაწოდებდნენ. ეს იცოდა მეუფე დიმიტრიმ?
_ ვერ გეტყვით, უთანხმებდნენ თუ არა დეტალებს მეუფე დიმიტრის, მაგრამ ის ვიცი, რომ სოსო ოხანაშვილს თანამდებობა მეუფე დიმიტრის წყალობით ეკავა და გარკვეულ დონეზე აკონტროლებდნენ სიტუაციას.
_ შორენა თეთრუაშვილი შესაძლო დანაშაულის შესახებ გააფრთხილე?
_ გამოვრიცხავ, რომ ამის შესახებ თეთრუაშვილს ინფორმაცია ჰქონოდა.
_ თუმცა, თქვი, რომ ადვოკატ ირმა ჭკადუას მოუყევი და სთხოვე, ის ადამიანები გაეფრთხილებინა, რომლებსაც ეს ამბავი ეხებოდათ..
_ შემიძლია გითხრათ, რომ ირმა ჭკადუას არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია კავშირი შორენა თეთრუაშვილთან. ადვოკატებს აბსოლუტურად სხვა პირთან ჰქონდათ კონტაქტი და როგორც ვიცი, მისთვის არაფერი კონკრეტული არ უთქვამთ. როცა მათ შევხვდი, უბრალოდ, ვუთხარი, რომ თავს გაუფრთხილდეს და რომ დაძაბული სიტუაცია იყო საპატრიარქოში. იქ არსებული მდგომარეობის, დაპირისპირების შესახებ მათაც ჰქონდათ ინფორმაცია. აქ ახალი არაფერი თქმულა და საფრთხეს ერთმანეთისგან ყოველთვის გრძნობდნენ.
_ გინდა დაგვაჯეროთ, რომ ამ ამბის გახმაურებამდე არჩილ გამზარდიას მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს სიზმარში ნახა, როგორ აპირებდნენ პატრიარქის მოწამვლას გერმანიაში, მართლა სიზმარი იყო?
_ ნამდვილად სიზმარი იყო, მგონი…
_ რეალობასთან ასე ახლოს? იქნებ, ისიც იყო გაფრთხილებული?
_ რა მოხდა ამ შემთხვევაში, არ ვიცი. თუმცა, პატრიარქს რომ რაღაცას უპირებდნენ, ამაზე მუდმივად მიდიოდა საუბრები. რამდენჯერაც ცუდად გახდებოდა, იმდენჯერ იგონებდნენ რაღაცეებს. სიმართლე გითხრათ, მე, პირადად, არასდროს მჯეროდა ამის, მაგრამ საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ მე დავაჯერე იქეთ საზოგადოება.
_ ირაკლი, ამ საქმეში ყველაზე საინტერესო დეტალი ციანიდია _ საწამლავი, რომლით მოწამვლის ნიშნები ძალიან ადვილი ამოსაცნობია. ამავე დროს, მამა გიორგი იყო კლინიკის დირექტორი და მას ბევრ პრეპარატთან ჰქონდა შეხება. ცოტა რთული დასაჯერებელია, რომ შეარჩია საწამლავი, რომლის მიღებასაც გამოძიება ყველაზე მარტივად დაადგენდა.
_ მე ვიცი, რომ ციანიდის აღმოჩენა სხეულში ყველაზე რთულია. რაც შეეხება მეორე კითხვას, კლინიკაში ერთი თვის დანიშნულს არ შეეძლო ვინმესთვის რამე ეთხოვა. ნდობაც არავისი ექნებოდა…
_ და მას არ შეეძლო კონკრეტული პრეპარატი ჩუმად აეღო? რატომ გენდობოდა ასე?
_ ჩვენ გვქონდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. ბევრი რამ უთქვამს მას ჩემთვის, ბევრი დოკუმენტი მოუწოდებია, თუმცა არც ერთხელ არ გათქმულა წყარო. ყველა სიტუაციიდან მამა გიორგი გამოდიოდა მშრალად.
_ წყაროს ჟურნალისტები ყოველთვის ვიცავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის სანაცვლოდ ვინმემ საწამლავის შოვნა გვთხოვოს..
_ აქ სხვა რამეზეა საუბარი _ ძალიან მძიმე დოკუმენტებთან მქონდა შეხება, რომლებსაც მამა გიორგი მაძლევდა და ეს რომ გამჟღავნებულიყო, მას პასუხს აუცილებლად მოსთხოვდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით _ როდესაც დავდექი იმ რეალობის წინაშე, რომ უნდა დამესახელებინა წყარო, მე პატრიარქის დაცვის სამსახურისკენ მივუთითე, რადგან იქ საერო პირები მუშაობდნენ და მათ პასუხს ვერ მოსთხოვდნენ.
_ მამა გიორგის ნაცვლად ოხანაშვილი „ჩაუშვი“?
_ არ „ჩამიშვია“. უბრალოდ, ასე გამოვიდა, რადგან ოხანაშვილს ვერ მოთხოვდნენ პასუხს ისე, როგორც მამა გიორგის.
_ “გურია ნიუსი“ წლებია წერს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, მეუფეების პირად საკუთრებაში არსებულ მილიონობით ღირებულ ქონებაზე, თუმცა, არც ერთხელ არ მოუთხოვიათ წყაროს დასახელება… საინტერესოა, თქვენ ვინ და რატომ გთხოვდა ამას?
_ ვინ მთხოვდა, მაგას ვერ გეტყვით.
_ ეს მოთხოვნა სასულიერო პირებიდან მოდიოდა თუ საგამოძიებო სტრუქტურებიდან?
_ საგამოძიებოდან ნამდვილად არა. მეტს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩემს მიერ პრესში გაჟღერებული ინფორმაციები კონკრეტულ ჯგუფს ეხებოდა. თან ისეთი ფაქტები იყო, რომ მეუფეს ქონებაც ჩამოართვეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მამალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ყველაფერმა წარმოშვა ის ნდობა, რომ მამა გიორგიმ სწორედ მას სთხოვა ციანიდის შეძენა იმისა გათვალისწინებით, რომ „ურთიერთობა ჰქონდა „არ ემ ჯი გოლდთან“:
_ მამაომ იცოდა, რომ მე დიდი ხნის მანძილზე კაზრეთში ვცხოვრობდი. როცა ამ თემაზე იყო საუბარი, მკითხა, მყავდა თუ არა სანდო პირი. ვუთხარი, რომ კი. დავინტერესდი დეტალებით და სწორედ ამის შემდეგ დამიწერა ფურცელზე, რომ სჭირდებოდა ციანიდი, _ ამბობს მამალაძე.
_ თუკი მამა გიორგისთან მეგობრობდი, მან არ იცოდა, რომ „არ ემ ჯი გოლდთან“ შენ კავშირები არ გქონდა? იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კომპანიის შესახებ არა ერთი საჯარო გამოსვლა გქონდა…
_ არა, ეს დეტალები მან არ იცოდა. ისე ღრმად არ იყო ამ საქმეში, როგორც ჩანს. მას უთხრეს, რომ ამ ნივთიერების შოვნა კაზრეთში ადვილად შეიძლებოდა და არც ძალიან ძვირი ღირდა. თანაც, ახლა იმდენ რაღაცას შოულობენ, ნდობის მომენტი თუ არის, შეიძლება მოგიტანონ.
_ ირაკლი, თქვი, რომ ეჭვები პროკურატურაში მისვლამდე გაგიჩნდა. გარდა გამოქვეყნებული ვიდეოებისა, გამოძიებას სხვა ჩანაწერებიც მიაწოდე, რომელსაც ძიების დაწყებამდე იწერდი?
_ ამ თემაზე ვერ გაგცემთ პასუხს.
_ მამა გიორგისთან შეხვედრებს იწერდი?
_ მამა გიორგისთან ყველა შეხვედრებს, რა თქმა უნდა, არ ვიწერდი. ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ფურცელზე ციანიდი დამიწერა. ესეც საკუთარი თავის დასაცავად, რადგან თავიდან ვიფიქრე, ჩემს წინააღმდეგ ხომ არ ხდებოდა შეთქმულება, რადგან მე „არ ემ ჯი გოლდთან“ მქონდა დაპირისპირება, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ირაკლი მამალაძემ.
ჩვენ შევეცადეთ სოსო ოხანაშვილის და მეუფე დიმიტრის კომენტარებიც მოგვეპოვებინა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა.