„ნიკას შევუთვალე ჩემი სათქმელი. ნიკა რასაც აკეთებს, ეს არის ღირსეული ადამიანის სწორი გადაწყვეტილება. მე ვუთხარი, რომ ევროკავშირის გირაოს დათანხმებულიყო და გამოსულიყო საპყრობილიდან. მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. ნიკა ახლა ძალიან სჭირდება არამხოლოდ მის პარტიას, არამედ მთლიანად ყველას, საზოგადოებასაც, ოპოზიციურ პარტიებს და მინდა, რომ მალე დატოვოს საპატიმრო“,_ განაცხადა გიორგი რურუამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.
რურუამ ასევე განაცხადა, ისიც, რომ მელია პოლიტპატიმარია და რუსეთის დაკვეთით ზის ციხეში.
„დღეს ნიკა რომ პოლიტპატიმარია და გავრილოვის და რუსული დაკვეთით ზის ციხეში ეს არამარტო ჩემთვისაა ნათელი, მგონი ევროკავშირის გირაოც ცხადყოფს ამას. ციხეს ორი კარი აქვს, შესასვლელი და გამოსავლელი, როგორ ღირსეულადაც შევიდა, ისე ღირსეულად გამოვა. ეს ტვირთი აიღო და აკეთებს ჩვენთვის, თავის შვილისთვის და ყველასთვის.
არ არის მარტივი გადაწყვეტილება, როდესაც შეგიძლია ყოველდღე საკნის კარები გააღო, მაგრამ ეს ღირსებაზე გადაბიჯებით არ ხდება“,_ აცხადებს რურუა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა პრეზიდენტმა 27 აპრილს შეიწყალა.




































































