რუს ჟურნალისტს მარია პონომარენკოს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციების გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს.
გარდა ამისა, მას ხუთი წლით ეკრძალება ჟურნალისტური საქმიანობა. რუსულმა სასამართლომ RusNews-ის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო „რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“. მარია პონომარენკოს განაჩენის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ, სადაც ის მუშაობდა, ასევე მისმა ადვოკატმა დაადასტურა.
პროკურატურა პონომარენკოსთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
პონომარენკო 2022 წლის აპრილში დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ხოლო ნოემბერში შინაპატიმრობით გაათავისუფლეს. იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პონომარენკო კვლავ იზოლატორში გაგზავნეს.
მას ბრალი ედებოდა რუსეთის არმიის შესახებ „ყალბების გავრცელებაში“ მისი პოსტის გამო „არა ცენზურა“ ტელეგრამის არხზე, სადაც საუბარი იყო მარიუპოლის დრამატულ თეატრში დამალული ადამიანების სიკვდილზე. Novaya Gazeta – Europe-ის ცნობით, ამ არხს დაახლოებით 1600 გამომწერი ჰყავს.
ავტორი