რუსეთმა უკრაინაში, მარცვლეულის ექსპორტში მონაწილე პორტი დაბომბა. იერიშის შედეგად ჩორნომორსკის პორტში განთავსებული 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ განაცხადა.
მინისტრის განცხადებითვე, მარცვლეული რომელიც განადგურდა, გემზე უნდა ჩაეტვირთათ და ექსპორტზე გაეგზავნათ.
“საერთაშორისო და უკრაინელი ტრეიდერების და გადამზიდავების მარცვლეულის ინფრასტრუქტურა Kernel, Viterra, CMA CGM Group ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს არის ტერორისტული აქტი არა უკრაინის წინააღმდეგ, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. სასურსათო უსაფრთხოება ისევ საფრთხეშია. კაცობრიობა მძევლად არის აყვანილი. ტერორისტული ქვეყანა, რომელიც შიმშილით აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს. მსოფლიომ მკაცრი და სიტუაციის შესაბამისად უნდა მოახდინოს რეაგირება“, – განაცხადა მინისტრმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ როდესაც უკრაინა ვერ შეძლებს სურსათის ექსპორტს, უღარიბესი ქვეყნების მოსახლეობა გადარჩენის ზღვარზე იქნება. გარდა ამისა, დაზარალდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს ეკონომიკა. მარცვლეულის ფასი გაიზრდება და ყველა ქვეყანა ვერ შეძლებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყიდვას. ასევე საგრძნობლად გაიზრდება საკვები პროდუქტების, მათ შორის ფქვილის, მარცვლეულისა და ხორცის ფასი.