შემოქმედის ეპარქიაში 9 მაისს კრება შედგა.
მეუფე იოსებმა საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ კაცობრიობას კიდევ ერთი განსაცდელი რუსეთ-უკრაინის ომის სახით დაატყდა.
“პანდემიის შემდგომ კიდევ დიდი განსაცდელი დაატყდა კაცობრიობას რუსეთ-უკრაინის ომის სახით. ეს ომი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებით არ დამთავრდება,არამედ ეხება ყველა ქვეყანას,მათ შორის ჩვენც,არის საშიშროება, ეს ყველაფერი გადაიზარდოს მე-3 მსოფლიო ომში, შესაძლოა ამას მოჰყვეს ატომური ომი. მოსახლეობა მომზადებული უნდა შეხვდეს ზემოთ აღნიშნულს. ყველაფერი მაინც იქითკენ მიდის, რომ დედამიწაზე გაბატონდეს ანტიქრისტე… ბევრი სასულიერო პირი წინასწარმეტყველებს, როდის იქნება მეორედ მოსვლა. ეს არასწორია, რადგან მეორედ მოსვლის დრო მხოლოდ მამა ღმერთმა უწყის”,_ ბრძანა მეუფემ და საუბარი განაგრძო კრების მოწვევის მთავარ თემებზე და აღნიშნა, რომ შემოქმედის ეპარქიაში არის რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც აშკარად რუსეთის მხარეს იხრებიან, რადგან ჰგონიათ, რომ რუსეთი გადამრჩენელია, რადგან ის მართლმადიდებელი ქვეყანაა.
“რუსებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს 20%, რატომ უნდა დაუდგე გვერდით? ამქვეყნად არსებობს ბევრი იდეოლოგია, მაგრამ ყველა, რაც მართლმადიდებლობასთან არ არის კავშირში, არის მწვალებლობა. ყველა პარტიას აქვს თავისი კანონი, ბევრი მათგანი კი ეწინააღმდეგება ქრისტეს სჯულს. ადამიანების მკვლელობების გამართლება, რასაც სჩადის რუსეთი, არ არის სწორი… მე არ მაქვს საუბარი პიროვნებებზე. ყველა პარტიაში არსებობს კარგი და ცუდი. ჩვენ მხარი შეიძლება დავუჭიროთ ადამიანებს, მაგრამ არა იდეოლოგიას. მე ვისაც მხარს ვუჭერდი – პიროვნებებს, ბევრი კარგი მაინც აქვს გაკეთებული საქართველოს განვითარებისთვის. უშეცდომო არავინაა. მე მაქვს ჩემი აზრი, რომელსაც თავს არავის ვახვევ. მე არასდროს არავისთვის მომიწოდებია ვინმესთვის დაეჭირათ მხარი და არავიზე არ მომიხდენია ზეგავლენა,ადამიანს აქვს თავისუფალი ნება.
მინდა ყველა გაგაფრთხილოთ, რომ მძიმე ვითარებაა, დედამიწაზე გაბატონებას ცდილობს ანტიქრისტე. სასულიერო პირები მოწოდებულნი უნდა იყვნენ ლოცვისკენ და არა პარტიული იდეოლოგიისკენ. ჩვენ ყველა ერთი მამის და დედის შვილები ვართ, უფლის და დედა ეკლესიის და უნდა მივდიოთ მას და არა სხვა რამეებს”,_ ბრძანა მეუფე იოსებმა.
მეუფემ აქვე დასძინა, რომ უცოდველი არავინაა და თუ ჩვენ სინანული გვექნება, უფალი გვაცხონებს.
ინფორმაციისთვის, შემოქმედის ეპარქიაში გამართულ კრებაზე ოთხი საკითხი განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო მამა ვახტანგის საქმე.
ამავე თემაზე:
რა გადაწყვეტილება მიიღო შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მამა ვახტანგის საქმეზე
ავტორი