რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში მდებარე შვედურ ქარხანას დაარტყა 14-15 აგვისტოს ღამეს და აღნიშნა, რომ ის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს. ამის შესახებ ukrayinska pravda-ს ინფორმაციით, რუსეთის საელჩომ შვედეთში განაცხადა.
“ვერ ხედავთ კავშირს? მაშინ ავხსნათ: ეს ქარხანა ლუცკში არის უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ნაწილი; მან აწარმოა ნაწილები Ukroboronprom-ისთვის. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის შესახებ შვედურ პრესაში სიტყვაც არ არის“.
პრავდამ ვერ იპოვა SKF-სა და Ukroboronprom-ს შორის თანამშრომლობის შესახებ რაიმე მტკიცებულება.
ცნობისთვის, რუსებმა ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა უკრაინაზე 15 აგვისტოს გამთენიისას დაიწყეს. მათი რაკეტები მოხვდა სამრეწველო ობიექტს ლუცკში (სამი ადამიანი დაიღუპა), საცხოვრებელ კორპუსებს ლვოვში და სამრეწველო ობიექტს დნიპროში (ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა), ასევე ისმოდა აფეთქებები ხმელნიცკის ოლქში და სმილაში, ჩერკასის ოლქში.