რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე ბომბით აღჭურვილი ავტომობილის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს.
„მაქანა, რომელშიც მაღალი სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, უკრაინიდან რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით ტრანზიტით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთში/ალანიაში, ვერხნი ლარსის საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილით კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, შემდეგ ავტომობილი გადაეცემოდა ერთ პირს, რომელიც მასზე დაჯდებოდა და ყირიმის ხიდზე გაივლიდა, რის შედეგადაც „უნებლიე ტერორისტი-თვითმკვლელი“ გახდებოდა.
„უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, ФСБ-მ მოახერხა მათი გეგმების დროულად გამოაშკარავება, Chevrolet Volt-ში ფრთხილად დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა, ასევე ყველა იმ პირის დაკავება, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მის მიწოდებაში მონაწილეობდა“, — აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
„მომზადებული დანაშაულის თანამონაწილეები, მძღოლის ჩათვლით, დაკავებულნი არიან. მანაც არ იცოდა, რა ხდებოდა და შეიძლებოდა, „თვითმკვლელი“ გამხდარიყო“ – აღნიშნა ФСБ–მ.
რუსული მხარის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე მცდელობაა, როდესაც კიევმა დიდი რაოდენობით ასაფეთქებლის გამოყენებით ყირიმის ხიდზე დივერსია სცადა. კერძოდ, 2 აპრილს ბელარუსის ძალოვნებმა ბრესტის საბაჟოზე შეაჩერეს მიკროავტობუსი, რომელშიც ნახევარ ტონაზე მეტი სინთეზური ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
































































