რუსეთთან დაძაბულობის მიუხედავად ნატოს ბირთვული წვრთნები მომავალ კვირას გაგრძელდება,_ ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წვრთნები რუტინულია და დაიგეგმა კრემლის უკრაინაში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე.
მათი ძირითადი ნაწილი რუსეთიდან 1000 კილომეტრზე მეტი მანძილის მოშორებით იქნება განთავსებული და მოიცავს საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებსაც აქვთ ბირთვული ქობინების ტარების უნარი, თუმცა ცოცხალი ბომბების გარეშე.
წვრთნებში ნატოს წევრი ქვეყნების ნახევარზე ნაკლები მიიღებს მონაწილეობას.
“ძალიან მცდარი სიგნალი იქნება, თუ ჩვენ უეცრად გავაუქმებთ რუტინულ, დიდი ხნის დაგეგმილ წვრთნებს უკრაინის ომის გამო. ეს იქნება აბსოლუტურად არასწორი სიგნალის გაგზავნა”, – განუცხადა გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.
„ნატოს მტკიცე, პროგნოზირებადი ქცევა, ჩვენი სამხედრო ძალა საუკეთესო საშუალებაა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – დასძინა მან.