რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრებმა 5 იანვარს დახვრიტეს ექვსი რუსი ჯარისკაცი ზაპორიჟიას ოლქის დასახლება ჩისტოპილიასთან. ეს ჯარისკაცები აპირებდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების ტყვეობაში ჩაბარებას. აღნიშნულ ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით.
“სამხედრო დისციპლინის გასაძლიერებლად და ზაპორიჟიას ფრონტზე დისლოცირებულ საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შორის პანიკის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გაააქტიურეს რუსეთის ეროვნული გვარდიის რამდენიმე დანაყოფი.
გაირკვა, რომ 5 იანვარს, ჩისტოპილიას დასახლებაში, დახვრიტეს ექვსი ჯარისკაცი, რომლებსაც ტყვეობაში ჩაბარების განზრახვა ჰქონდათ“,_ ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გენერალური შტაბი იუწყება, უკრაინის სამხედრო სარდლობის დისკრედიტაციის მიზნით, რუსები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების შესახებ, სავარაუდოდ ისინი გეგმავენ თავდასხმას ლუგანსკის ოლქის სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც დაშავებული რუსი ჯარისკაცები მკურნალობას გადიან.