გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
მსჯავრდებულს, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა:
თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა (56.95 კვ.მ.) და ამავე მისამართზე მდებარე სამი ავტოფარეხი – ჯამში 48.56 კვ.მ. 188 200 ლარის ღირებულების ავტომანქანები – SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირი, რომელთაც უვადოდ ჩამოერთვათ ეკონომიკური საქმიანობის უფლება და თითოეულს 200 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.