უკვე მეორე დღეა ქალაქ ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე “კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი გაიხნა. ამ ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ პრო-რუსული ორგანიზაციის გახსნას.
ყველაზე მეტად ციცო ხუჭუა აქტიურობს, რომელმაც მიაქირავა საოფისე ფართი “კონსერვატიულ მოძრაობას“.
ციცო ხუჭუა მედიის წარმომადგენლებისკენ იწევს _ ზოგს თავში ურტყამს ხელს და ზოგს კი ხელჯოხი უთავაზა.
სამოქალაქო ატივისტის ირმა გორდელაძის თქმით, “კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის მუშაობას ოზურგეთში არ დაუშვებენ.
აბაშიძის ქუჩაზე ოფისის გახსნიდან მეორე დღესაც ხმაური იყო. ამჯერად ზემოთ აღნიშნული მოძრაობის წევრები ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დღეს ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას. ოფისის მეპატრონემ კი ჟურნალისტებს ქვები ესროლა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
დღევანდელი შეხვედრის კულმინაცია ის იყო, რომ ოფისის მეპატრონის შვილიშვილმა, ილია თაყაიშვილმა სახლზე გაკრული “კონსერვატიული მოძრაობის“ ბანერი მოხსნა და მის ადგილზე საქართველოს და უკრაინის დროშები გადმოკიდა. დროშები, საბოლოოდ, ციცო ხუჭუამ ჩამოხსნა, რის შემდეგ ილია თაყაიშვილმა ჭიშკარზე გადმოფინა.
“არანაირად, არ ვემხრობი “ალტ-ინფოს“. მე ვარ ამ ოჯახში გაზრდილი და თავისთავად, ვერ გავიზიარებ რუსულ პროპაგანდას. რუსეთის სისასტიკეს არ ვემხრობი. ვიდრე მე ვიქნები ამ სახლში, “ალტ-ინფო“ თავის ბანერებს ვერ გადმოფენს… გააცურეს ბებიაჩემი და დაარწმუნეს, რომ აქ ოფისი გაეხსნათ“, _ თქვა მედიასთან საუბრის დროს ილია თაყაიშვილმა.
როგორც ცნობილია, სამოქალაქო აქტივისტები ოზურგეთში ხვალ, 14 საათზე აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ “კონსერვატიული მოძრაობის“ დაფუძნებას.
ავტორი