ორგანიზაცია Amnesty International-მა რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოქმედებებისას ომის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. უფლებადამცველი ორგანიზაციის 40-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსები ქალაქ ხარკოვს აკრძალული კასეტური მასალით ბომბავდნენ.
Amnesty International-ის ცნობით, რუსებმა, ხარკოვის სხვადასხვა უბნებში კასეტური საბრძოლო მასალის 9N210/9N235 არაერთი თავდასხმის ფაქტები დააფიქსირეს, მათ შორის ნახეს ბომბების ფრაგმენტები. მთლიანობაში, ორგანიზაცაიამ დააფიქსირა 28 განურჩეველი დარტყმა ხარკოვზე, განხორციელებული რუსული ძალების მიერ 28 თებერვლიდან 30 აპრილამდე. კასეტური ბომბების გარდა მკვლევარებმა ნახეს “ურაგანის” რაკეტების ფრაგმენტებიც.
ხარკოვის ორი საავადმყოფოს ექიმებმა Amnesty International-ის მკვლევარებს აჩვენეს კასეტური საბრძოლო მასალის თავდასხმის მსხვერპლთაგან ამოღებული გრანულები.
ორგანიზაცია წერს, რომ ხარკოვის საცხოვრებელი უბნების განურჩეველი დაბომბვა, რომელმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა, ომის დანაშაულს წარმოადგენს.
“ხარკოვის საცხოვრებელი უბნების განმეორებითი დაბომბვა განურჩეველი თავდასხმებია, რომლებიც ომის დანაშაულს წარმოადგენს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ეს შეეხება როგორც კასეტური იარაღით დარტყმებს, ასევე სხვა ტიპის უპილოტო რაკეტების და საარტილერიო ჭურვების გამოყენებით შეტევებს, რომლებიც განურჩეველია მშვიდობიანი მოსახლეობის სიახლოვეს გამოყენებისას”, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ასევე გამოიყენეს PTM-1S ტიპის ნაღმი.
“ადამიანები დახოცეს საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებზე, სასაფლაოებზე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიგში დგომისას, საკვებისა და მედიკამენტების შეძენისას. საყოველთაოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის განმეორებითი გამოყენება შოკისმომგვრელია”, – თქვა კრიზისებზე Amnesty International-ის რეაგირების უფროსმა მრჩეველმა, დონატელა როვერამ.
ორგანიზაცია, მართლმსაჯულებას მოუწოდებს, რომ გამოძიება იყოს მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მისცენ.
“Amnesty International მოუწოდებს, რომ მართლმსაჯულების პროცესები იყოს მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და უზრუნველყოფილი იყოს ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს გზით საერთაშორისო სამართლის ყველა დანაშაულისთვის”, – წერს ორგანიზაცია.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა Amnesty International-ს, რომ 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე ხარკოვის რეგიონში 606 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 248 დაშავდა, მათგან დაახლოებით 70% ხარკოვში, ხოლო დანარჩენი მიმდებარე ტერიტორიაზე.
კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება (ისევე როგორც წარმოება, შენახვა, გაყიდვა ან გადაცემა) აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით.
ავტორი