ოკუპირებულ ტერტორიაზე საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ ექსპერტ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.
-არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 25-ე დღეა ოჯახს არ დაბრუნებია და ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მისთვის უცნობია როდის მოხერხდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. როგორ აფასებთ აღნიშნულ ფაქტს?
-ტატუნაშვილთან დაკავშირებით რაც ხდება, ფაქტობრივად, ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობა.რუსეთის მხრიდან ადამიანებზე ფსიქოლოგიურ-ემოციური შეტევა ხორციელდება. მოგეხსენებათ, ომი მხოლოდ იარაღის სროლა არ არის, შორს მიმავალ მიზნებზე გათვლილი პროვოკაციაა. დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, რუსეთი ცდილობს, საქართველოს დააშვებინოს შეცდომა, რასაც მომავალში საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს.
რუსეთის ქმედება არავითარ მორალურ და ეთიკურ ასპექტში არ ჯდება. ტატუნაშვილთან დაკავშირებული ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთს ჰუმანიზმზე.
-ბატონო სოსო, პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე მუშაობს, რომელშიც ე.წ. ,,ოთხოზორია -ტატუნაშვილის სია“ შეიქმნება. როგორ ფიქრობთ, რაიმე რახის არსებითი ძალა ექნება რეზოლუციას?
–არ მაქვს ილუზია იმისა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელებს პირდაპირ საბრალდებო სკამზე დავსვამთ, მაგრამ ეს იქნება სერიოზული სიგნალი, გაფრთხილება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომლებიც დააპირებენ ეჭვმიტანილ პირებთან ურთიერთობას და მათ მფარველობს. ამ ადამიანებს სამართლებრივი და ჰუმანური სახის პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
მთავრობისადმი ეს დავალება ასახულია პროექტში, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია. პროექტზე მუშაობა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაგრძელდება და სავარაუდოდ, 21 მარტს პლენარულ სხდომაზე გავა.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.