რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებიდან და ყირიმიდან ჯარის უდიდესი ნაწილი გაჰყავს, რადგან სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებები დასრულებულია, მიზანი მიღწეულია და არმია მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება, _ ამის შესახებ ინფორმაციას tass ავრცელებს.
“მჯერა, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად იქნა მიღწეული. ჯარებმა აჩვენეს ქვეყნის საიმედო თავდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა”, _ თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
როგორც გამოცემა წერს, შოიგუმ განაცხადა, რომ ამ წლის 1 მაისამდე არმია მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება, რომლებიც მონაწილეობდნენ წვრთნებში რუსეთის სამხრეთით.
”2021 წლის 1 მაისისთვის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის, ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის, სადესანტო ჯარების მე -7, 76-ე სადესანტო და 98-ე სადესანტო დივიზიების პირადი შემადგენლობა დაუბრუნოთ მუდმივ განლაგების პუნქტებს. – განაცხადა შოიგუს ყირიმში გამართულ შეხვედრაზე.
tass – ის ინფორმაციით, ყირიმისა და დონბასის საზღვრებთან სამხედროების მცირე ნაწილი დარჩება, რომელიც ვითარების მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, კრემლმა, მის მიერვე ოკუპირებული დონბასის საზღვრებთან და ყირიმში 100 ათასამდე ჯარისკაცის მობილიზება გააკეთა. მიმდინარე პროცესების გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ კრემლი უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა.
1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა კი განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.