კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ კონსპირაციების წყაროდ ქართულ მედიაში ამჟამად რუსი ექსტრასენსი, ანატოლი კაშპიროვსკი მოგვევლინა, რომლის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი ქართულმა მედიაგამოცემებმა For.ge, Resonancedaily.com და Primetime.ge გამოაქვეყნეს.
ინფორმაციაში, რომელიც მედიებმა კაშპიროვსკის სიტყვებით “დაიწყება უფრო საშინელი რამ” დაასათაურეს ექსტრასენსი კორონავირუსის პანდემიას გათამაშებულს უწოდებს და მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, უარი თქვას მასობრივ ვაქცინაციაზე.
მისივე თქმით, კორონავირუსის ჩავლისა და ვაქცინაციის შემდეგ „ადამიანების საყოველთაო მოკვდინება“ დაიწყება და ამ პროცესში ბილ გეიტსი მონაწილეობს:
მტკიცება, თითქოს მასობრივი ვაქცინაცია ადამიანთა მასობრივი სიკვდილიანობისკენ არის მიმართული და ამ პროცესში ჩართულია ბილ გეიტსი, კონსპირაცაა.
წყარო: Myth Detector































































