რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერშეტევა აშშ-ის 250-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებასა და მსხვილ კომპანიას შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ჰაკერებმა რამდენიმე ათეულ კომპანიასა და უწყებას შეუტიეს, თუმცა მონაცემები მას შემდეგ შეიცვალა, რაც Amazon-მა და Microsoft-მა საკუთარი გამოძიება ჩაატარეს.
ცნობისთვის, დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურ უწყებებსა და კორპორაციებზე კიბერშეტევა სულ მცირე 2020 წლის გაზაფხულიდან გრძელდებოდა. მთავარი ეჭვმიტანილი დაჯგუფება Cozy Bear გახდა, რომელსაც რუსეთის დაზვერვის საგარეო სამსახურს უკავშირებენ. რუსი ჰაკერების წარუმატებელი შეტევის შესახებ კომპანია CrowdStrike-შიც განაცხადეს, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობს. მათი მონაცემებით, ჰაკერებმა სხვადასხვა უწყების სისტემაში შეღწევა კომპანიის მეშვეობით სცადეს, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას Microsoft Office 365 ყიდის. 31 დეკემბერს Microsoft-ში განაცხადეს, რომ ჰაკერებმა კომპანიის პროგრამული კოდი მოიპოვეს, თუმცა მასში ცვლილებების შეტანა ვერ მოახერხეს.