რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 7 მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონის სამხედრო უფროსმა გაავრცელა.
“რუსები განზრახ ესხმიან თავს ადგილებს, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილი. ეს ნამდვილი ტერორიზმია”, – დაწერა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ, Telegram-ზე.
კირილენკომ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის გადარჩენაა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსებმა და სეპარატისტულმა ძალებმა ლისიჩანსკში უპირატესობა მოიპოვეს, ფაქტობრივად თითქმის მთელი ლუგანსკის რეგიონი დაიკავეს. რუსეთი ახლა ცდილობს უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი სლოვიანსკი და კრამატორსკი დაიკავოს.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
ავტორი