ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველ არხი” ავრცელებს.
გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ.
როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.