სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა. ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წელს დაიწყო. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და კომპანია „პანორამას“ მიაკუთვნა. „რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.