რუსთავსა და თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა, _ინფორმაციას ტვ1 ავრცელებს.
კომპანია „ინტერ ტრანსში“ აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მძღოლებმა თავად მიიღეს, თუმცა ამის შესახებ კომპანია საქმის კურსში იყო. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სოფო ცერცვაძის განცხადებით, დაახლოებით ორი თვის წინ კომპანიას მძღოლებმა მიმართეს და უთხრეს, რომ საწვავისა და სხვა ხარჯების გაზრდის გამო, მგზავრების გადაყვანას ვეღარ ახერხებდნენ და მგზავრობის საფასურის 50 თეთრით მომატება მოითხოვეს. ამ მოთხოვნით „ინტერ ტრანსმა“ მუნიციპალიტეტის მთავრობას მიმართა, თუმცა მათგან უარი მიიღო. ორი დღის წინ კი კომპანიის მძღოლებმა აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ მგზავრობის საფასური გაძვირდებოდა.
რუსთავის მერი მგზავრობის გაძვირების ფაქტზე განცხადების გაკეთებას აპირებს.