რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ოფიციალურ განცხადებაში იმ კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე მიუთითებს, რომელსაც მისი შეფასებით, დავის განხილვის დროს გამოვლინდა.
“პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში რუსთავი2–ის ქონების დაყადაღებასთან, ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნასა თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა.
“ამ ფონზე იქმნება განცდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებით, შეიძლება, საფრთხე დაემუქროს ქვეყანაში მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიასაშუალების ფუნქციონირებას. ბოლო წლებში ქართული საზოგადოების მონაპოვარი სწორედ მედიათავისუფლება და მრავალფეროვანი მედიაგარემოს არსებობა იყო. თუმცა, უკანასკნელ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეიძლება, ეჭვქვეშ დააყენოს ის, რაც ბევრი სირთულის გადალახვით შეიქმნა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში უჩა ნანუაშვილი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ მიმდინარე სასამართლო დავაში განხილული არ ყოფილა, როგორ გახდა ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის მესაკუთრე 2004 წელს.
“ამ საკითხს არ მისცემია სამართლებრივი შეფასება, არც სისხლის სამართლის გზით, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2–ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის, განცხადებით, მათ 2012 წელსვე მიმართეს პროკურატურას, თუმცა გამოძიება რაიმე შედეგებამდე არ მისულა,” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.