ხუთი საათი ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, რუსთავის N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, იმყოფება, მისი მხარდამჭერები და თანაგუნდელები იკრიბებიან.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, დღეს დაიხურება ის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაწერა
მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლების შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობა” ნამდვილ მიზნებზე კონცენტრირდება.
,,მთავარი მიზანია, ამ ქვეყნიდან ადამიანები არ გარბოდნენ. მას შემდეგ, რაც დასრულდება ნიკა მელიას უკანონო, პოლიტიკური პატიმრობა, გადავერთვებით იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მომავალი იყოს უკეთესი“, _ აცხადებს კირკიტაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებით კი, ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება.
ასევე მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს თანხა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს.
,,ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება. ხელისუფლება ამბობდა, რომ გირაოს გადაიხდის, ნიკა მელიას გირაო არ გადაუხდია. ნიკა მელია ამბობდა, რომ ამნისტიას თუ გაიწვევენ გირაოს გადაიხდიდა, თუმცა, ამნისტია არ გაიწვიეს, მაგრამ ევროკავშირმა გამოსასყიდი გადაიხადა.
ევროკავშირი გირაოს კი არ იხდის, იხდის გამოსასყიდს. ხელმოწერის დღიდან ,,ოცნებამაც” აღიარა, რომ მელია პოლიტპატიმარია.
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივად შეუძლებელია ჯერ გირაო გადაიხადო და მერე შევიდეს პროკურორი შუამდგომლობით. ფაქტია, რომ პოლიტიკური პატიმარი აღიარა სრულიად ევროკავშირმა”, _ განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიაში პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე დისკუსია მელიას გათავისუფლების შემდეგ გაიმართება.
ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე საპატიმროს დატოვებს, პარტიის პოლიტსაბჭო გაიმართება, სადაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს, 10 მაისს 16:00 საათზე ჩაინიშნა. სადაც საქალაქო სასამართლომ მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე უნდა იმსჯელოს.
პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა, რასაც წინ გირაოს თანხის გადახდა უძღოდა.
ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.
სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გააძევეს.