რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. პროკურატურა საქმეს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით იძიებს.
პუბლიკის ცნობით ნუნუ ბრეგვაძე ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იყო. ის N5 დაწესებულებაში 26 ოქტომბერს შეასახლეს, სამ კვირაში – 13 ნოემბერს კი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ქალი გადაყვანილი იყო კლინიკა „ვივამედში”, თუმცა მოგვიანებით ისევ ციხეში დააბრუნეს, სადაც გარდაიცვალა.
ადვოკატი გამოცემასთან ამბობს, რომ 70 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი მაღალი წნევა გახდა.
„ეს ცნობა მოიპოვა ბრალდების მხარემ, თუმცა მეც დავრეკე იქ. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან მაღალი არტერიული წნევა აწუხებდა, სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი, სხვა არანაირი მიზეზი არ არის… გაკვეთეს გვამი, რომ დაედგინათ სიკვდილის მიზეზი. ასე ხდება ყველა გარდაცვლილი პატიმრის მიმართ… გაუწევდნენ [სამედიცინო დახმარებას], მაგრამ ვერ აღმოჩნდა ალბათ საკმარისი და გარდაიცვალა“ | ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ადვოკატი ირაკლი შენგელია.
ნუნუ ბრეგვაძე გასულ წელს, 24 ოქტომბერს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა ოჯახის წევრის – [შვილის] მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით (11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის დ-ქვეპუნქტი).
ადვოკატის ცნობით, დაკავების პერიოდისთვის ბრეგვაძე პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო – მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლების საქმეზე – „აღიარა, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე“.




































































