ოპოზიცია ხვალ ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსული კანონის” წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.
ცნობისთვის, ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.
საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.