სირიაში, ერთი კვირის წინ, აჯანყებულთა დაჯგუფება ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამმა, ქალაქ ალეპოს აღების შემდეგ, დაიკავა ქალაქი ჰამა და საომარი მოქმედებები განაგრძო სამხრეთით, ქალაქ ჰომსის მიმართულებით.
უკანასკნელი ინფორმაციით, აჯანყებულმა შეძლეს ჰომსის ცენტრალური უბნების დაკავება და განამტკიცეს პოზიციები.
ალ-შამმა შეტევები განახორციელა დასავლეთით, ზღვისკენ, სადაც ყველაზე დიდი, რუსული ხმეიმიმ-ის აეროდრომია განთავსებული, საიდანაც პუტინის სამხედრო ძალები საჰაერო დახმარებას უწევენ ასადის რეჟიმს _ ექსპერტების თქმით, აჯანყებულებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნეა.
ასევე, ამ მიმართულებით მდებარეობს ქალაქი კარტუსი, რომელიც მსხვილი საპორტო ქალაქია და ამ პორტში შემოდის ბაშარ ალ ასადის რეჟიმისთვის განკუთვნილი რუსული სამხედრო დახმარება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ფლოტმა ეს პორტი დატოვა, რადგან იყო საშიშროება, ეს ფლოტი აჯანყებულებს ჩაეგდოთ ხელში.
აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ასადის რეჟიმი მომდევნო რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, დაემხობა.
ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ არაოფიციალურად, რუსეთმა ასადის ხელისუფლებას განუცხადა, რომ მას „სხვა პრიორიტეტები“ აქვს და აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ მცირედ დახმარებას გაუწევს.
ქალაქ ჰამას აღების შემდეგ, აჯანყებულებმა დაიკავეს ამ ქალაქის აეროდრომი, სადაც განთავსებული იყო სირიის არმიის კუთვნილი, რუსული წარმოების ოცამდე რეაქტიული ბომბდამშენი მიგ 21.
ავტორი