წუხელ, გვიან ღამით ქუთაისის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა წყალწითელას ხიდთან მოხდა – ავტომანქანა მდინარეში გადავარდა და მასში მსხდომი ახალგაზრდები დაიღუპნენ. ერთ-ერთი მათგანი ლუკა ებრალიძეა, ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი ილო ებრალიძის შვილიშვილი.
“რამდენი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ვერც სიტყვებს ვპოულობ და ვერც აზრებს ვალაგებ. ბოლოს დიდთოვლობას გნახე თებერვალში და ჩვენებურად მაგრად გადავეხვიეთ ერთმანეთს. ზუსტად ისე მაგრად ჩაგეხუტები, როცა გნახავ, ჩემო პატარა ძმაო” – წერს სოციალურ ქსელში დავით გოგუაძე.
ლუი ორაგველიძე ფეისბუქ-ჯგუფში “This is ლანჩხუთი” წერს: “სიტყვები უძლურია. ვიზიარებთ მშობლების, ოჯახის წევრების , ნათესავების და მეგობრების უსაზღვროდ დიდ მწუხარებას ლუკა ებრალიძის გარდაცვალების გამო. უფალი და ღვთისმშობელი ჩაგიხუტებს, ლუკა და სულ მასთთან იქნები”.
როგორც ირკვევა, ლუკას ავტომობილი ახალშეძენილი ჰქონდა: “არ ვიცით, ეს უბედურება როგორ მოხდა, საჭესთან ლუკა მჯდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ლუკა ნასვამი არ ყოფილა, საერთოდ არ სვამდა… ლუკა იყო სანათესაოს სული და გული, უკეთილშობილესი, ზრდილობიანი და სიკეთის განსახიერება ბიჭი. არ იცით, ეს რამხელა შოკია ჩვენთვის. ლუკას ავტომანქანა რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა და იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ზოგადად, გიჟდებოდა სამეგობროზე. ლუკას სახლი ლანჩხუთშიც აქვს და როცა ჩამოდიოდა, სულ დედულეთისკენ – ქუთაისისკენ და სამეგობროსკენ მიეჩქარებოდა. მისი გარდაცვლილი მეგობრები თენგო და კიდევ ერთი ახალგაზრდა ქუთაისელები არიან, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ერთადაც წავიდნენ…” – ჰყვება ლუკას ახლობელი “ამბები.ჯი”-სთან საუბარში.
მისივე თქმით, სამივენი 26-27 წლისები იყვნენ, დედისერთები და დაუოჯახებლები: “ლუკა 27 წლის იყო, მისი დედა ემიგრანტია, ამჟამად ამერიკაში მუშაობს. ლუკა მამასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა, მეგობრებს ავეჯის საამქრო ჰქონდათ და ბევრს შრომობდა. არ ვიცი, როგორ გადავიტანთ უმისობას. ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა ლუკა, ყველას” – ამბობს ახლობელი.