საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა საქართველოში არჩევნები გააუქმა და ჩაიდო ჯიბეში.
„როდესაც სანდრამ გადაწყვიტა ზუგდიდში კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობდი მას არ მისცემდნენ არც ერთ შემთხვევაში გამარჯვების გაფორმების შესაძლებლობას, მაინც დავუჭირე მხარი, რადგან ბევრი ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში. დღეს დგება ისეთ შედეგი, როგორიც იყო მოსალოდნელი. ივანიშვილმა საქართველოში არჩევნები გააუქმა და ჩაიდო ჯიბეში. შეუძლებელია, იმ ქვეყანაში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა ტარდებოდეს ფორმალურად სწორი და დემოკრატიული არჩევნები. იმისათვის, რომ ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები საქართველოში ერთადერთი ამის მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მხარს ვუჭერ სანდრას მოწოდებას, რომ გავიდეს და მოიაროს თითოეული ქუჩა და სოფელი. ცოტა ხანი ნუ გახვალთ საქართველოდან, მოითმინეთ ცოტა, მოვაშოროთ ეს კაცი და მერე ავაშენოთ ერთად ჩვენი ქვეყანა. ახლა დროა მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს. არ დავიღალოთ, დანებებაზე ფიქრიც კი ამოვიღოთ თავიდან. ერთი სული მაქვს, როდის შემეძლება, შემოგიერთდეთ იმ დიდ ტალღაში, რომელიც გადაარჩენს საქართველოს და წალეკავს ივანიშვილს. გამოწვევა მიღებულია, ყველაფერი გააკეთა რომ ძალადობის დემონსტრაციად ექცია არჩევნები. ხვალიდან იწყება ქმედება. სანდრა არ დაიღლება, მე არ დავიღლები. ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ საქართველოს, რადგან გვიყვარს საქართველო. ძალიან დიდი მოვლენების დასაწყისში ვართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.