საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რითაც სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს ეხმაურება.
“მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა.
თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის. ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისათვის რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და 1 პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არც ერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ვერ ავუხსნი, მაგრამ მე მგონი მასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის.
ეს განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს“, – ასეა ეხმაურება სააკაშვილი სასამართლო გადაწყვეტილებას.
ინფორმაციისთვის, მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ “საზღვრის უკანონო კვეთის” საქმეზე სააკაშვილს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, ეს სასჯელი დაემატა “სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის” საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მარტს მისჯილ 9 წლიან პატიმრობას.