,,ყველაფერი სწორი ილაპარაკა ამ კაცმა, გარდა ამისა ბოლოს თავის თავს შეეწინააღმდეგა“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ,,მთავარ არხის“ ეთერში.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება.
მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” გატოლება “ქართული ოცნებასთან” ღამისა და დღის გატოლებას შეადარა.
,,ყველაფერი სწორი ილაპარაკა ამ კაცმა, გარდა ამისა ბოლოს თავის თავს შეეწინააღმდეგა, ჯერ თქვა, რომ სხვის ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ და ჩვენი დემოკრატია ჩვენ თითონ უნდა ავაშენოთ და შემდეგ ბოლოში დაამატა, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” მოვა ხელისუფლებაში, ეს შეიძლება ვინმეს უცხოეთში არ მოეწონოს და ამიტომ უნდა მოვიდეს მესამე ძალა, რათა უცხოეთს მოეწონოს.
ჩემი აზრით, ქართველ ხალხს სჭირდება არა პარტიების და მათ როლზე ლაპარაკი ახლა, არამედ სჭირდება სრული ერთიანობა სიტუაციის შეცვლის კუთხით და შემდეგ ამ ჭაობიდან სწრაფად ამოსვლა.
“ნაციონალური მოძრაობის” გატოლება რაიმე სახით “ქართულ ოცნებასთან” არის გატოლება ღამის და დღის.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა ისეთი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მყარი განვითარება, რომ 9 წელი ანგრევს “ქართული ოცნება” და ბოლომდე მაინც ვერ დაანგრია. ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ მეთოდს ერთ პლანზე ორივეს დაყენების.
ჩვენ გვჭირდება ახლა, მართლაც ფართო კოალიციური შეთანხმება და კოალიციური მთავრობა არა იმის ხარჯზე, რომ ვინმემ ხელოვნურად ჩააჩოჩოს ის ძალა და ის ხალხი, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო” – წერს მიხეილ სააკაშვილი.