მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი კვლავ ხმაურით მიმდინარეობს. მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობაზე კამათობენ. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა.
გიორგი მუჯირმა, მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს შეახსენა რაზე იყო სხდომა გამართული და მოუწოდა სისხლის სამართლის პროცესის რეგლამენტი დაიცვან.
მუჯირის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე სასამართლო პროცესია რაც დარბაზს ტრიბუნად იყენებს.
“დღეს ჩვენ პირველად ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის თანდასწრებით განვიხილავთ საქმეს, სადაც მას ბრალი ედება, კორუფციულ დანაშაულში, რომელიც გამოხატულია 9 მილიონი ლარის გაფლანგვაში.
განვიხილავთ საქმეს, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის შავ ბუღალტერიას.
წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი დარბაზს იყენებს, როგორც ტრიბუნას. მათთვის კარგად ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პროცესი არის მკაცრად რეგლამენტირებული და თითოეული განცხადება უნდა ჯდებოდეს ამ რეგლამენტის ფარგლებში.
კონკრეტული კითხვები გვაქვს, ბრალდებულმა ისაუბროს საქმის შინაარსზე აუცილებლად და სასამართლო ტრიბუნად არ გამოიყენოს!”– აცხადებს გიორგი მუჯირი.
სასამართლო პროცესი, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, რამდენიმე წუთია, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ადვოკატების საქმის ორი პროკურორის – გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას მოითხოვენ.
წყარო: რუსთავი2