ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გუშინ ღამით მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა შეუწყოს ხელი.
„მივმართავ თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ ცივილიზებული ფორმები. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად დაშავდნენ მათ შორის მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მისი ოჯახის წევრი, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა. ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. თავის მხრივ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაცია ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას“, – გააცხადა თამარ ჟვანიამ.
ცნობისთვის, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.