ოზურგეთში, ცხრა აპრილის ქუჩის მონაკვეთზე, ერთი წლის წინ, მუნიციპალიტეტის მერიამ გარე სავაჭროდ ჯიხურები დადგა . მანამდე ღია ცის ქვეშ მდგმომ მოვაჭრეებს, ადგილების გამოყოფის გარდა, იქვე წყლის ონკანიც გაუკეთეს.
-ონკანი ღიად არასდროს დაგვიტოვებია. ამ გახურებული პანდემიის პირობებში ხელს ვიბანდით. გვიხაროდა. სასმელი წყალიც არ გვქონდა საძებარი. მთელი დღე ჯიხურებში ვზივართ, რომ საღამოს სახლში ორიოდე პური წავიღოთ. მოვიდნენ ახლა და დაგვიკეტეს. არჩევნების წინ წყალი ჩაგვისხეს აქ, ასე ჰქვია. ახლა მილი ჩაგვიხსნეს მთლიანად და მიაწებეს ზედ რაღაც და ლუქი დაადეს, რომ ვინმემ თავიდან არ ჩართოს, _ გვითხრეს ჯიხურების მოვაჭრეებმა.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, დავით ცერცვაძემ, „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_მრიცხველი არ დგას. ეს იყო აღურიცხავი წყალი, ამიტომ ჩავკეტეთ.
_ერთი წლის მანძილზე როგორ აწვდიდით აღურიცხავ წყალს? ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ გაუკეთა. აქამდე რატომ არ დაუკეტეთ ან მრიცხველი რატომ არ დაუდგით?
_არ ვიცი. აღურიცხავი იყო და ამიტომ გავაუქმეთ, _ მოკლედ გვიპასუხა ცერცვაძემ.
შემდეგ ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ.
_ვიცით ამ პრობლემის შესახებ. მრიცხველი მალე დაიდგმება და მოვაჭრეებს წყალი დაუბრკოლებლად მიეწოდებათ, ამ დღეებში მოგვარდება ეს საკითხი – გვითხრეს პრრესსამსახურში.