ოზურგეთელი ხელოვანი ქალბატონი და კოლორიტი, ლალი თავართქილაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე საოცარ ქორწილზე გვიამბობს, რომელიც გასული საუკუნის სამოციან წლებში, ოზურგეთში, მის სახლში გადაიღეს, რომელიც მერე გერმანულ ჟურნალში ასეთი სათაურით დაიბეჭდა: „საბჭოთა კავშირის კავკასიური სამოთხე“…
„ეს იყო1965წლის ნოემბრის თვე!
მე მაშინ 10 წლის პატარა გოგო ვიყავი.
იმ დროს რაიკომის მდივანი საუკეთესო ადამიანი და ჩვენი ოჯახის დიდი მეგობარი საშა თოიძე იყო.
საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჟურნალისტები, რომლებიც საბჭოთა კავშირში ადამიანების ცხოვრებაზე ფილმს იღებდნენ. ქორწილის გადაღება ოზურგეთის რაიონს ჰქონდა დავალებული და რაიკომის მდივანმა ჩემს მშობლებს სთხოვა, ჩვენს სახლში ჩაწერილიყო ქორწილის გარკვეული ნაწილი. ნეფე-დედოფალი კი ანსამბლ “შვიდკაცას” წევრი ბადრი ინგოროყვა და მისი ულამაზესი მეუღლე ნელი თოდრაძე იყო.
ამ უჩვეულო ქორწილის თამადა კი ცნობილი ინჟინერი და გამორჩეული ადამიანი გიორგი სალუქვაძე გახლდათ.
ასე აღმოჩნდა ჩვენი სახლი ამ კაპიტალისტური ქვეყნის სტუმრების ობიექტივში.
მერე მთელი ჟურნალი მიუძღვნეს გერმანელებმა საბჭოთა ადამიანების ცხოვრების თემას.
მამას კადრიც შემოინახა ამ ჟურნალმა.
მე სად ვარ?!!!!
ვინ გაგვაკარა იქაურობას, ეზოს გარედან ვიჭყიტებოდით და საკუთარ სახლში შესვლის უფლება არ გვქონდა!
ეს ახლაა ყველაფერი ადვილი და ჩვეულებრივი.
მაშინ ნახევარი საუკუნის წინ ეს არაჩვეულებრივი მოვლენა და სანახაობა იყო.
რამ გამახსენა ეს?
გუშინ მამისეულ სახლში ვიყავი და მოგონებებმა წამიღო!…
მოკლედ, 55წლის წინანდელ ჟურნალის ფოტოებს გიზიარებთ,“_წერს ის და სტატუსს იმდროინდელი ჟურნალის შავ-თეთრ ფოტოებს ურთავს.