ბატონი იმედა კახიანი მხატვრული ფილმი “საბუდარელი ჭაბუკის” გადაღების დროს მომხდარ ერთ სასაცილო შემთხვევას მისთვის ჩვეული იუმორით არაერთხელ იგონებს:
“ამ “საბუდარელს” რომ ვიღებდით, ქუთაისში ჩავედით მაშინ. შოთა მანაგაძემ მითხრა, გამოეწყვე როლის მიხედვით და სასტუმროს წინ დამელოდე, მე აქ საქმე მაქვს და მალე მოგაკითხავო. გამოვეწყვე გოგიტას ტანსაცმელში, ავიღე ჩემი ფუთა (მატარებელში რომ მქონდა გარმონით) და დავდექი მორჩილად სასტუმროს წინ, შესასვლელთან. ერთიც ვნახოთ, მიდი-მოდის წესრიგის დამცველი მილიციონერი გაპრიალებული ჩექმებით.
– რას შობი, გოგო, შენ, რო შობი? – უყვირის გამვლელ გოგოს.
– რა გინდა, რა, იოსკა ბიძია (ქუთაისში ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას დეიდა, ბიცოლა და ბიძიაა)? – შეეპასუხა გოგო.
– რაია, ბიძია და, რო გადმოგიყრია მა ბაყვები, მამა არ გყავს სახში? მოგაჯდება ვინცხა და მერე მე უნდა ვაგო პასუხი
– კაი რა, იოსკა ბიძია.
– ჩეიგრძელე “იუბკა”, რო გეუბნები მე შენ! სკამზე დამჯდარს შეგიკერეს ეგ “იუბკა”, შე უპატრონო?
– ნახავ აგერ, თუ ვინმე მომაჯდება! – არ შეეპუა გოგო და გაიქცა ბაღის კიდისკენ.
– უყურე ახლა ამას! – ჩაილაპარაკა იოსკამ და მე მომადგა
– ბომჟი ხარ?
– რა. ბატონო?
– ბომჟი ხარ, რას აკეთებ მაქ?
– იმედა ვარ, – გავუღიმე ალალად. სულ არ მახსოვს აჩაჩულ-ჩაჩაჩული გოგიტა რომ ვარ, ფუთით ხელში.
– იმედა, თვარა, შენც ქალაქის საბჭოდან არ იყო. ვის უცდი აქანა?
– ქალაქის საბჭოდან უნდა მომაკითხონ.
კაცი დასაბმელი გახდა.
– მაგლახავებ, შე ტვინგაღვინებულო? მთვრალი ხარ, ჩემო მკვლელო? გეეთრიე აქედან ახლავე, თვარა ცოცხლად გადაგყლაპავ, კუჭში თუ არ მაწყინე.
– ბატონო?
– ხმა!
იღბლად, იქვე გაჩერდა სამთავრობო მანქანა, გადმოვიდა შოთა მანაგაძე, გადმოჰყვა ქუთაისის (მაშინ რო ქალის სახელი არ ერქვა) მერი და ჩამომართვა ხელი – ესაა კაცო, ისო? – ეკითხება ბატონ შოთას.
მილიციელი, “ცისკარში” რომ თაგვია, ისე დაპატარავდა ამის დამნახავი.
ცოტა რომ შეხალვათდა სიტუაცია, მომიხელთა” – არავის უთხრა, თუ ძმა ხარ, არ დამღუპო, ბომჟი რო გიწოდე. ექვსი შვილი მყავს შესანახი, სულ გოგოებია, ბოლოს მანანა ჰქვიაო.
– ეჰ, ყველას მე როგორ უნდა ვუნახო ნამუსი, კაცო?“