გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტრო სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია _ ეს ის ადგილებია, რომლებიც დედაქალაქის მერის, კახა კალაძეს თქმით, მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობაა შესაძლებელი.
„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით, სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტრო სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნეს სექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“,_განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.






























































