ავტომობილების ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა სალავდებული 1 იანვრიდან გახდა და კანონმდებლობის მიხედვით, სავალდებულო 1 მარტამდე იქნება.
მთავრობის დადგენილებით, გურიაში ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობისას, კერძოდ, ნასაკირალის უღელტეხილზე და აგრეთვე, ჩოხატაური-ბახმაროს მიმართულებით გადაადგილებისას.
დადგენილების მიხედვით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მახასიათებლები ასე გამოიყურება:
1. ამ წესით გათვალისწინებული ზამთრის საბურავები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
ა) საბურავების დამზადების თარიღიდან არ არის გასული 10 წელი;
ბ) საბურავზე შესაძლებელია მისი დამზადების თარიღის წაკითხვა;
გ) საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმეა:
გ.ა) არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
გ.ბ) არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
დ) საბურავზე დატანილია სიმბოლო − ფიფქი. 2. M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო − ფიფქი.
ამ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
3. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
4. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
დადგენილების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება პირს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა აუკრძალოს. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.