ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 6 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა.
“ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს.
ამ ეტაპზე, ფონდმა, ახალი საბავშვო ბაღების პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა რუსთავის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, გორისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში.
ქალაქ რუსთავში დაგეგმილია ახალი, არანაკლებ 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდას ბაღი 100 ბავშვზე იქნება გათვლილი, ქალაქ ლანჩხუთის ახალი ბაღი არანაკლებ 125 აღსაზრდელს მოემსახურება, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დაგეგმილია 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების ახალი საბავშვო ბაღი, კი, 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
პროექტების დასრულების შემდეგ, ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ”,_ აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
































































