თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება _ ამის შესახებ “მზიურის“ პარკში გამართულ ღონისძიებაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ განაცხადა.
“13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ ბეგი ხელოვანების, მოხალისეების მიერ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და ამიტომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოტ ბეგის ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცემათ”, _ განაცხადა ხუნწარიამ.
როგორც ცნობილია, ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნება.
როგორც “გურია ნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბეჰემოტ ბეგის ძეგლი გმირთა მოედანზე განთავსდება, სადაც ის სტიქიის შემდეგ აღმოაჩინეს.
“მზიურის“ პარკში გუშინ გამართულ ღონისძიებაზე 3 წლის წინ ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს. ღონისძიებაზე ტრაგედიასთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს. ასევე, გაიმართა სტიქიის და მისი შედეგების ამსახველი ფოტოგამოფენა და ვიდეო ჩვენება.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობა ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
სტიქიამ მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 50 მილიონი ლარი შეადგინა.