გუშინ, გამოცემამ „Franceblue“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ მოთამაშე ზურიკო დავითაშვილს მსურველი იტალიაში გამოუჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია კლუბის ვინაობა. ცნობილია რომ ფრანგულ გუნდს ქართველის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო შესთავაზეს. საინტერესოა, რომ „ბორდომ“ დავითაშვილი სულ რაღაც 1.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ჟირონდულმა კლუბმა 9-მილიონიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა, მაგრამ არაა გამორიცხული მოლაპარაკებების შედეგად, მდგომარეობა შეიცვალოს.
ზურიკომ „ბორდოში“ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა და სამჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველი საბა საზონოვი კი კიდევ ერთი გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა. საზონოვით თურქული „გალათასარაი“ დაინტერესდა.
ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ საბასთან თურქებს კონტაქტი უკვე ჰქონდათ.
საზონოვს აქამდე იტალიურ კლუბებს, „სასუოლოს“, „უდინეზესა“ და „ფროზინონეს“ უკავშირებდნენ, ფავორიტად კი „სასუოლოს“ ასახელებდნენ.
საბა საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი აკავშირებს. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საბა გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფრანგული „მეცი“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძეს 20 მილიონ ევროდ აფასებს და ამაზე ნაკლებად მის გაყიდვას არ აპირებს.
ფრანგებმა „ბარნლისგან“ უკვე მიიღეს 15-მილიონიანი შეთავაზება, მაგრამ ინგლისელები უარით გაისტუმრეს. „მეცში“ დარწმუნებული არიან და ელოდებიან, რომ 22 წლის ქართველის ტრანსფერით ბონუსების ჩათვლით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.
მიქაუტაძით „ბარნლის“ გარდა, რომის „ლაციო“ და გერმანული კლუბი (სახელი უცნობია) არიან დაინტერესებული, თუმცა, 15 მილიონს არც მათი შეთავაზებები აღემატებოდა.
ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელი პიოტრ ზელინსკი დიდი ალბათობით, კარიერას „ალ ჰილალში“ გააგრძელებს.
არაბული კლუბი პოლონელს სამწლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. „ნაპოლი“ ზელინსკის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას თავად ფეხბურთელი, თუმცა იტალიური გამოცემების ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, ფეხბურთელის სარფიანად გასხვისება სურს.
„ნაპოლიმ“ კი ახალი სეზონისთვის შეკრება უკვე დაიწყო. ნეაპოლელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფეხბურთელები კომანის ბაზაზე შეკრიბა, სამედიცინო და ფიზიკური ტესტები გაატარა და მსუბუქად ავარჯიშა კიდეც.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შვებულებას ჯერ კიდევ აგრძელებენ „ნაპოლის“ ლიდერები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, რომლებიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.
ხვიჩა კვარაცხელიას დიმაროში 19-20 ივლისისთვის ელოდებიან, სადაც პირდაპირ ფრანგული რივიერადან ჩავა. ცნობილია, რომ „ნაპოლი“ პირველ საკონტროლო მატჩს 20 ივლისს ჩაატარებს – სამოყვარულო „ანაუნესთან“, თუმცა მიიღებს თუ არა მასში 22 წლის ქართველი ვარსკვლავი მონაწილეობას, უცნობია.
ავტორი