საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ განცხადება ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც განათლების ახალ მინისტრს უწყება გადააბარა.
“დაგეგმილი მქონდა 2017 წელს, უკვე მომზადებული ვიყავი სადოქტოროს გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა ამ გეგმამ გადაიწია დროში ცოტათი, თუმცა ვაპირებ ისევ, რომ ჩავაბარო და ამერიკაში წავიდე”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას თქმით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში სადოქტოროზე სამუშაოდ გაემგზავრება.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს რჩევაც მისცა. მან განათლების სისტემაში ორი მთავარი გამოწვევა დაასახელა – სოფლისა და ეროვნული უმცირესობების სკოლებში მაღალკვალიფიციური მასწავლებლების საჭიროება და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობა.
ჯეჯელავა მიხეილ ჩხენკელს ურჩევს, კონცენტრირება გრძელვადიან შედეგებზე მოახდინოს.
განათლების ყოფილი მინისტრი შეცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ბევრი რამის სწრაფად და თამამად გაკეთება შეიძლებოდა”.