მოსწავლეებმა გურიის პარტნიორი სკოლებიდან ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვა ბავშვთა უფლებების თემაზე. გამოიკითხეს 12-18 წლის ასაკის ასამდე მოზარდი.
პროგრამა ,,მომავლის თაობის” კოორდინატორი გურიაში ქეთი გობრონიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გამოკითხვა ჩაატარეს პროგრამის პარტნიორი 7 სკოლის მოსწავლეებმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან.
„კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეიძლება მიმართონ, როცა მათი უფლება ირღვევა. შემდგომ ეტაპზე მოვახდენთ მოსწავლეებისთვის იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ვისაც ხელეწიფება ბავშვთა უფლებების დაცვა. გურიის რეგიონში პროგრამა მომავლის თაობის განმახორციელებელია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.”
ყველაზე მეტად სად ირღვევა ბავშვთა უფლებები- გამოკითხული 100 ბავშვიდან 23%-ი თვლის, რომ ოჯახში, 27 %-ი კი ქუჩაში და 50 % -ი ამბობს, რომ სკოლაში.
ვის უნდა მიმართოთ, როცა თქვენი/სხვისი უფლებები დაირღვა. გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა: არ ვიცი/გაურკვეველი პასუხი- 21%; 112-ი – 13%-ი; ოჯახი – 14 %-ი; სახალხო დამცველი – 8%-ი; ბავშვთა დამცველი ორგანიზაცია – 15%; სკოლის ადმინისტრაცია/პედაგოგი – 14%-ი; პოლიცია – 15%-ი.