„რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამაეღთლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის კიდევ ერთი ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, „დღეს, საქართველოში სასამართლო არათუ დამოუკიდებელი არაა, არამედ საერთოდ აღარ არსებობს“.
“გავეცანი რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებას, რომელიც დიდმა პალატამ ერთ დღეში, ერთხმად მიიღო.
აი, „ნოვატორული“ გადაწყვეტილება თუ გნებავსთ, ესაა. სად მოვა ამასთან წულუკიანის მიერ მოწონებული ურთმელიძის ნოვატორობა?
გადაწყვეტილებაში აღმოჩენილი ზე-აბსურდული დეტალების ჩამოწერას არ დავიწყებ – იმდენია და ისეთი გამაოგნებელი, რომ მათი სათითაოდ ჩამოთვლა / გარჩევა მხოლოდ გააუფასურებს თითოეული მათგანის უკანონობისა და უტიფრობის ხარისხს.
მთლიანობაში, დასკვნა ერთია: დღეს, საქართველოში სასამართლო არათუ დამოუკიდებელი არაა, არამედ საერთოდ აღარ არსებობს. ივანიშვილმა სასამართლოც გააუქმა, ისევე, როგორც მთავრობა, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს აუქმებს ახლა.
სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც, რომელმაც პირველად თავისი არსებობის ისტორიაში შეაჩერა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მსგავს შემთხვევაში, ზუსტად იგივეს – ანუ ქვეყანაში მართლმსაჯულების არარსებობას – ადასტურებს.
ამ პროცესის მსვლელობისას, ივანიშვილმა ტალახში ათრია და გასვარა ყველა, ვინც ამ საქმეს შეეხო და, ამით, საკუთარი დანაშაულების – მათ შორის, ჩემი ღრმა რწმენით, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის – უშუალო თანამონაწილე გახადა.
ეს კაცი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ახსოვს. თითოეული წესიერი, კანონმორჩილი, თავისუფლებისმოყვარე მოქალაქის პირადი მტერი”, _ წერს ბიბიოლაშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
“ყველა სტუდენტს უნდა წააკითხო” _ ნიკა გვარამია დიდი პალატის განჩინებაზე