ლანჩხუთის საკრებულოს ექსთავმჯდომარე გოგი ხელაძე, რომელიც გასული წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, დიდი ალბათობით, მალე საჯარო სამსახურს დაუბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი საქმეა, რომ ხელაძე ახლო მომავალში მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის თანაშემწის ადგილს დაიკავებს.
თავად გოგი ხელაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში არ მალავს, რომ აქვს სურვილი და გარკვეული შეთავაზებები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობიდან სამსახურთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტულად სად და რა სფეროში, ჯერჯერობით, ამაზე ვერ კონკრეტდება.
„ზოგადად, ბევრ რამეზეა საუბარი, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. არის სხვადასხვა შემოთავაზებები და ვნახოთ. ამ დროისთვის თბილისში ვიმყოფები ოჯახთან და თუ რამე სიახლე იქნება ამ კუთხით აუცილებლად შეგატყობინებთ“, _ აღნიშნა ხელაძემ „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას.
გოგი ხელაძე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2014 წლის არჩევნებისას, პარტიული სიის ლიდერმა მაშინდელ საკრებულოში თავმჯდომარის პოსტიც ირგუნა, ბევრისთვის მოულოდნელად კი ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე საერთოდ პარტიული სიის მიღმა დარჩა. არადა, ხელაძეს, რომელსაც არც დაუმალავს, რომ მომხადის გამო გულნატკენი დარჩა, მაშინ ბევრი, მინიმუმ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს მაინც უწინასწარმეტყველებდა.
„გარკვეული მოსაზრებები, რატომ და ვისი გავლენით შეიქმნა ასეთი მდგომარეობა მეც მაქვს. განაწყენებული არა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმის გამო, რაც მოხდა. შთამომავლობით არ მრგებია საკრებულოს თავმჯდომარეობა და არც პრეტენზია მქონია რამე თანამდებობასთან დაკავშირებით, მაგრამ რიგით წევრად კი უნდა ვყოფილიყავი“, _ ამბობდა მაშინ გოგი ხელაძე.
გოგი ხელაძის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და გვითხრა, რომ ამ პოსტზე კანდიდატურის შერჩევა კონკურსის წესით მოხდება.
„მოგეხსენებათ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობა არის ვაკანტური. დღეს გამოცხადდა კონკურსი და გამარტივებული წესით მოხდება კანდიდატურის შერჩევა“, _ ამბობს ტაბიძე.